კახა კალაძე სამ მთავარ პრობლემას ასახელებს, რომელზეც დედაქალაქის მერია ამჟამად მუშაობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ასი დღე პრაიმტაიმთან ინტერვიუში შეაჯამა. გთავაზობთ ინტერვიდან ერთ ნაწილს.

რა მთავარ სამ პრობლემაზე მუშაობს ახლა მერია? მოსახლეობას პარკირების პრობლემა აქვს, საცობების და უკანონო მშენებლობები აწუხებს. ბეტონის კედლები ქალაქს უკვე სუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევს. ემთხვევა თქვენი დღის წესრიგი თბილისელების პრობლემებს? არის ეს ის მიმართულებები, რომლებიც მერიისთვის პრიორიტეტულია?

– პირველი – პარკირების პრობლემა. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა კერძო სექტორისთვის, ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კვლევის შედეგი, რამდენად შესაძლებელია, ამ არეალზე მოეწყოს ეს სივრცე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ მისი მშენებლობის საკითხს. რა თქმა უნდა, მშენებლობის ყოველ ეტაპზე შემოწმდება ეს პროექტი. ასეთი კიდევ 9 არეალია შერჩეული დედაქალაქში და ეტაპობრივად ყველგან მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მეორე – საცობები. ეს უფრო რთული პრობლემაა, რადგან ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში ასეა და ადვილი არაა მისი დაძლევა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, განვტვირთოთ მოძრაობა სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების გადაადგილების რეჟიმების შემოღებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, „ბასლაინების“ მოწყობით, სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერებით, ნაგავმზიდი ავტომანქანების ღამის საათებში მოძრაობით და ა.შ. ამას ემატება ქალაქში კრიტიკული წერტილების დადგენა და ამის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის, ახალი გზაგამტარებისა და გზების მოწყობა, ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებების შეცვლა და ა.შ. ეს მთლიანობაში იმუშავებს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა მეტად განიტვირთოს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება თვითონ მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული. მე მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის, თუმცა, როცა ამას შევძლებთ, იმედი მაქვს, მოსახლეობაც მიანიჭებს პრიორიტეტს ავტობუსსა და მეტროს.

რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, ეს მართლაც დაუძლეველ პრობლემად გვექცა, რადგან ძალიან ბევრი ნებართვაა გაცემული თავის დროზე. ჩვენ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, ეს იყო ზონალური საბჭოს გაუქმება, რომელიც ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. პირადად მე შემიძლია, გარანტია მივცე მოსახლეობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა აქამდე რაც გაფუჭდა, ამის გამოსწორება ადვილი არაა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *