რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩვენი არჩევნებია – ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს, 18 მარტს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 11 უბანში ხმას სამოქალაქო პირები მისცემენ, ორში კი რუსი სამხედროები. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მათი არჩევნებიცაა და არჩევნების დღეს მაღალი აქტივობა იქნება.

“რესპუბლიკის მცხოვრებლების 98%-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩვენი არჩევნებია. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა იციან, რომ რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრებაზეც აისახება. ამიტომ, მოწოდებების გარეშეც 18 მარტს ისინი აქტიურად გამოიყენებენ თავიანთ სამოქალაქო უფლებას“, – ციტირებს ბიბილოვის კომენტარს “სპუტნიკი“.

რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმერ პუტინი მეოთხედ იყრის კენჭს და კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი პარტია „რუსეთის კომუნისტებიდან“ მაქსიმ სურაიკინი.

წყარო რეგინფო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *