რას უნდა ელოდოს რუსეთი და მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გამარჯვებისგან?

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე 2018 წლის 18 მარტს ამომრჩველთა აქტოვობამ 67, 5 პროცენტი შეადგინა. ვლადიმირ პუტინმა ხმათა 76,7-პროცენტიანი შედეგით გაიმარჯვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინს ხმა 55,2-მა მილიონმა ადამიანმა მისცა – და ეს რუსეთის არჩევნების მთელი ისტორიის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდია.

ამ არჩევნებში ვლადიმირ პუტინისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერა უბრალოდ აიხსნება. ის გუშინ არ აღმოცენებულა, არამედ დიდხანს გროვდებოდა – წლების და ათწლეულობის განმავლობაში პოლიციური განუკითხაობით და პროპაგანდით. ამიტომაც, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს უთხრეს, რომ ვალდებულები იყვნენ, საარჩევნო უნებზე გამოცხადებულიყვნენ და ხმა მოქმედი ხელისუფლებისთვის მიეცათ – მათ გადაწყვიტეს, რომ დამორჩილება უფრო უსაფრთხო იქნებოდა. თუმცა, 30 მილიონი ამომრჩეველი, რომელსაც ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია – იმაზე მეტყველებს, რომ ყველა არ შეშინდა და პროპაგანდას არ დაემორჩილა.

რას უნდა ელოდოს ამ გამარჯვებისგან რუსეთი და გარემომცველი სამყარო?

საშინაო პოლიტიკა

ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა დაახლოებით ასე ჟღერდა: „რუსეთი – მტრების გარემოცვაშია“. სწორედ ამ თეზისით გაამართლა მან ჯარისა და სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ხარჯების ზრდა – და ჯანდაცვის და განათლებისთვის ხარჯების შემცირება. და მომავალშიც ამ პოლიტიკას გაატარებს.

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 397 უცხოელი აგენტის გამოვლენის შესახებ ჩააბარა ანგარიში.

ვლადიმირ პუტინისა და მისი იდეების მოწინააღმდეგეები რთული დროებისთვის უნდა მოემზადონ. მათ პოლიტიკური და ფიზიკური ზეწოლა ელით.

პირველი დარტყმა მოსახლეობასთან მათი კომუნიკაციის მთავარ საშუალებას – ინტერნეტს მიადგება. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტის პრობლემებთან დაკავშირებით პუტინის თანაშემწემ გერმან კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის გამოეთიშოს მსოფლიო ქსელს.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – ქვეყანა საშიში უფსკრულის პირასაა, წინ ცუდი დრო გველის, და ამის აღსაკვეთად სულ უფრო ცოტა შესაძლებლობა გვაქვს“, – ნათქვამია ამ არჩევნებში პუტინის მეტოქის გრიგორი იავლინსკის განცხადებაში.’

საგარეო პოლიტიკა

რუსეთში არჩევნებზე კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობდა, მისი შედეგები წინაწარ იყო ცნობილი – ნათქვამია ეუთოს განცხადებაში. ეს ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე დამკვირვებლები გააგზავნა.

საგულისხმოა ასევე იმ სახელმწიფოების მეთაურთა სია, რომლებმაც ვლადიმირ პუტინს გამარჯვება არჩევნების დასრულებისთანავე მიულოცეს. მსოფლიო ლიდერებიდან ამ სიაში მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინია, რომელმაც ახლახან თავი პრაქტიკულად ქვეყნის სამუდამო ლიდერად იქცია. სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ლიდერებიდან ვლადიმირ პუტინს გამარჯვება ყველაზე პირველად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცა.

ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო იზოლაცია უახლოეს ხანში გაძლიერდება შემდეგ ვითარებებთან დაკავშირებით:

• საერთაშორისო სანქციების შენარჩუნება ყირიმის ანექსიისა და დონბასში ჩარევისთვის;

• აშშ-ს სანქციების გამკაცრება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო;

• ახალი სანქციების შემოღების მაღალი ალბათობა მალაიზიური „ბოინგის“ თაობაზე ტრიბუნალის შედეგების, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სამხედრო მომაწმვლელი ნივთიერების გამოყენებისა და სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.

შედეგი

„ახალი პოლიტიკური ციკლი სამი არასასურველი ფაქტორის ზეწოლით განვითარდება: ეკონომიკის სტაგნაციის გაგრძელება, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, და 2024 წლის შემდეგ რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობა“, – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა წამყვანმა რუსმა პოლიტოლოგმა კირილ როგოვმა.

მისი აზრით, „საკითხავი მხოლოდ ის არის, დათანხმდება თუ არა ელიტა და ხალხი უდრტვინველად საომარ დროში დაბრუნებას, საითკენაც მას ახლანდელი ხელისუფლება უბიძგებს“.

„ახლანდელი ავტორიტარული რეჟიმი, თავის უსუსურობის მიუხედავად, სრული ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის და ის იმით არის საშიში, რომ მისი გადარჩენის საშუალება წესებისა და ტაბუების ნგრევა ხდება“, – ამგვარ კომენტარს აკეთებს მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხების ავტორიტეტული სპეციალისტი ლილია შევცოვა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის შიდა სისუსტე მას აუცილებლად უბიძგებს საგარეო პოლიტიკის უფრო გააგრესიულებისკენ – რათა საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ მხოლოდ მას შეუძლია მათი საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

პუტინს ალბათ აშშ-სთან და ევროკავშირთან პირდაპირი კონფლიქტის შეეშინდება. და ეს მას განსაკუთრებით საშიშს გახდის მათთვის, ვისზე ჯავრის ამოყრასაც ის არ მოერიდება – მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, და პირველ რიგში – სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოებისთვის.

წყარო

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *