“რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება, გულწრფელი მადლობა საქართველოს -დიდი ბრიტანეთის ელჩი

“გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და ქვეყნიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია უწყების განცხადებაში.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში”.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

შვეიცარიამ თბილისში მდებარე საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია 2009 წლის 5 მარტს გახსნა. პარალელურად გაიხსნა საქართველოს ინტერესთა სექცია შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში.

 

 

18

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *