ოკუპირებულმა ცხინვალმა “რუსეთის კვალდაკვალ” მორიგი ცვლილება განახორციელა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 34-წევრიანი პარლამენტი 2019 წლიდან შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით აირჩევა. შესაბამისი კანონპროექტი რეგიონის დეპუტატებმა 30 მარტს მიიღეს.
ახალ სისტემაში, 17 ადგილი პროპორციული სისტემით გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომელთაც 7%-იანი ბარიერი გადალახეს, ხოლო დანარჩენ 17 მანდატს ერთმანდატიან ოლქებში არჩეული დეპუტატები მიიღებენ (როგორც ინდივიდუალური პირები, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები).
შესაბამისი ცვლილება ოკუპირებული რეგიონის პარლამენტმა 29 ხმით 30 მარტის სხდომაზე მიიღო, დაახლოებით წელიწადნახევარში მას შემდეგ, რაც რეგიონის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევიდა.
ახალი სისტემით იცვლება პროპორციული წარმომადგენლობა, რომელიც 2009 წლიდან იყო ძალაში და ფაქტობრივად იმ სისტემაზე დაბრუნებას ნიშნავს, რომელიც 2004 წლის ჩათვლით მოქმედებდა. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებული რეგიონი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ასევე შერეულ სისტემას დაუბრუნდა სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის.
2016 წლის 18 თებერვალს ამ საკითხზე საუბრისას მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ და რეგიონის ახლანდელმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება “იმ ნაბიჯების სულისკვეთებაა, რომელთაც რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი დგამენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის“.
“რუსეთის ფედერაციამ ასევე შეცვალა საარჩევნო სისტემა და მომდევნო მოწვევის პარლამენტი მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით აირჩევა“, – დასძინა ანატოლი ბიბილოვმა მაშინ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *