“ოსური მილიცია იმ ობიექტებში შედის, სადაც არჩილ ტატუნაშვილი დადიოდა”

“მას შემდეგ, რაც ცხინვალში ქართველი არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს, იქაურების თქმით, ახალგორის რაიონში თითქოს დრო გაიყინა, თუმცა, ე.წ. ძალოვანები გააქტიურდნენ – იციან, რომ ახალგორელების უმეტესობას ქართული პასპორტი აქვს და ზოგი მილიციაში დაიბარეს, ზოგსაც შინ მიაკითხეს… ეკითხებიან, აქვთ თუ არა ქართული პასპორტი… როგორ ცხოვრობს დღეს ახალგორის მოსახლეობა, ამის გარკვევას “კვირის პალიტრა” შეეცადა”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით“ოსური მილიცია იმ ობიექტებში შედის, სადაც აჩიკო დადიოდა”.

“თითქოს დაბას სუდარა გადააფარეს. აქ ისედაც ყველაფერი ჩამკვდარი იყო. სახლების უმეტესობა დაკეტილია და ეზოები – გაველ­ურებული. ბოლო წლებია, ღამე სასაფლაოსავით ჩაჩუმებულ რაიონში უპატრონობისა და სიძველისგან ჩამოშლილი სახლების სახურავების ხმა გვაღვიძებს. ადრე უფრო მზარავდა ეს ხმა – მივდიოდი და ვნახულობდი, ვისი სახლი ჩამოინგრა, მაგრამ ახლა ამასაც შევეჩვიეთ. ხმის მიხედვით ვხვდებით, ვისი იყო… რამდენიმე თვე ისე გაივლის, უცხო ადამიანს თვალსაც ვერ მოჰკრავ, ბოლო ხანებში კი ცხინვალიდანაც ჩამოვიდნენ მილიციის თანამშრომლები და პოლიტიკოსები. ხშირად დადიხართ საქართველოშიო? – მკითხეს. როგორც საშუალება გვაქვს-მეთქი, ვუპასუხე. იქ ვინ გყავთო? ნათესავები-მეთქი… ზოგს შვილები გორში ან თბილისში ჰყავს, თვითონ კი სახლ-კარს ვერ ტოვებს… უშიშროებამ ჩვენზე უკეთ იცის ყველაფერი – აქ მხოლოდ უშიშროების სამსახური მუშაობს. დანაშაულს ვერ ხსნიან, მაგრამ საქმეებს აგროვებენ. განსაკუთრებით იმ მაღაზიებსა და ობიექტებს უკირკიტებენ, ვისთანაც აჩიკოსა და მის მეგობრებს სურსათი დაჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც იცოდნენ, რა შემოჰქონდათ…”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორის მკვიდრი ეთერი.

“ახლა, ამ ამბების შემდეგ, როგორც ამბობენ, რუსეთის ხელმძღვანელობისგან მიიღეს საყვედური “გაუაზრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილების” გამო. ეტყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსაყვედურეს, თორემ აქ მთავარი ამრევი რუსეთია, რომლის მითითებასაც ასრულებს ხან ერთი და ხან მეორე ხელისუფლება… აქ ყველამ იცის, რამდენს უმართავდა ხელს აჩიკო. ეროვნების მიხედვით არავინ გაურჩევია. ესეც იციან, მაგრამ მაინც გვეკითხებიან, რომელ ოსს ეხმარებოდაო. ჩვენგან უნდათ გაიგონ, რომ მერე ჩვენი სახელით მიადგნენ… ცდილობენ, ადგილობრივებს შორისაც შუღლი ჩამოაგდონ. როგორი საბჭოთა გარემოც არის, ისეთი საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ, დაგვაპირისპირონ. აქ გადარჩენისთვის ბრძოლაა, მხოლოდ ის ცხოვრობს შედარებით ნორმალურად, ვინც პოლიტიკაში გაერია და ახლა პოსტის შენარჩუნებას ცდილობს” – დასძენს რესპონდენტი.

“აქ ხალხი პენსიამდე მაღაზიებში ნისიას აგროვებს. ვალებს პენსიით ისტუმრებენ, მერე კი ისევ იღებენ და ასე… სამსახური თითქმის არ არსებობს. ჩემს ახალგორელ ნათესავს ოსი ქმარი ჰყავს და ცხინვალთან ახლოს სურსათის მაღაზია აქვს. 10 დასახელების პროდუქტი თუ ექნება, მეტი არა… ერთი უსახური, უფანჯრებო, 10-12 კვმ შენობაა. უკვე მერამდენე კვირაა, მაღაზიის მეპატრონეს ხან ერთი მილიციელი მიაკითხავს, ხან – მეორე. ხან ემუქრებიან, ხან ეხვეწებიან, თქვი, რომ ტატუნაშვილი აქ რაღაცებს ინახავდა და გთხოვდა, არავისთან გაგემხილა, მერე კი ჩუმად მიჰქონდაო. დაჰპირდნენ, უსაფრთხოდ იქნები, ხელს არავინ გახლებსო, მაგრამ ვერ დაიყოლიეს… მერე დაემუქრნენ, თუ არ იტყვი, მაღაზიას დაგიხურავთო. ცეცხლიც წაჰკიდებია, თუ გინდათ, მე თვითონ დავხურავო, უთხრა..”, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას ახალგორის მკვიდრი ემა.

“ამ კაცის ნათესავები ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტები არიან და ბიბილოვის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. ალბათ, ამიტომ ვერ ბედავენ აქტიურ მოქმედებას, თორემ ამათთვის “აღიარებითი ჩვენების მიცემა” რა პრობლემაა! რამდენი შემოჰკვდომიათ ასე წამებით, არავინ იცის… ჩამკვდარ და დაცარიელებულ ახალგორში მხოლოდ მილიცია მუშაობს. აფუთფუთდნენ, მოსვენებას არ გვაძლევენ, დადიან “ნივებით” და ქართული პასპორტი გაქვთ თუ არაო, უამრავჯერ გვეკითხებიან. დავიღალეთ! კბილებით გვიჭირავს ის ძაფი, რომელიც გვაკავებს, მაგრამ როდის გაწყდება, არავინ იცის… არ ვიცით, რას აკეთებს­ საქართველოს ხელისუფლება ჩვენთვის, ვერ ვგრძნობთ. მხოლოდ სამედიცინო მომსახურება არ არის საკმარისი. თუ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან პროდუქტის შემოტანას აკრძალავენ, არსებობას ვეღარ შევძლებთ”, – დაასკვნის ახალგორის მკვიდრი.

წყარო – “ინტერპრესნიუსი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *