…საქართველოს საზღვარს დროდადრო კვეთენ აზერბაიჯანული ტანკები

წყარო

27 წელია საქართველო თავის საზღვარს მეგობარი ქვეყნის ნაღმებისგან ვერ წმენდს და ამით ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს

თბილისიდან ერთი საათის სავალზე, აზერბაიჯანის საზღვართან, არის შვიდკილომეტრიანი დანაღმული ტერიტორია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფელს, კირაჩ-მუღანლოს ესაზღვრება.

1991 წელს, ყარაბაღის ომის აქტიური ფაზის დროს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ეს ტერიტორია სომხური შემოტევისგან თავის დასაცავად დანაღმეს [სომხეთის საზღვარიც აქვე ახლოსაა].

მას შემდეგ 27 წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიას ნაღმებისგან ვერ წმენდს, რადგან ამის წინააღმდეგი აზერბაიჯანია.

 საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და ჯგუფსაწინააღმდეგო ათასზე მეტი აზერბაიჯანული ნაღმია.

 ამ წლების განმავლობაში აქ 18 ინციდენტი მოხდა – სულ მცირე  7 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ეს  ადგილი დღემდე საფრთხეს  უქმნის სოფელ კირაჩ-მუღანლოში, კაჩაგანსა და თეკალში მცხოვრებ 4 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს მშობლიურ სოფელში ნაღმზე აფეთქების დროს.

კირაჩ-მუღანლოდან რამდენიმე მეტრში აზერბაიჯანი იწყება – სოფელს მთელს პერიმეტრზე მიუყვება რკინის მესერი, რომელიც ორ ქვეყანას ჰყოფს. სწორედ ამ მესრის გასწვრივ, საქართველოს მხარეს, შვიდი კილომეტრი სიგრძისა და დაახლოებით 100 მეტრი სიგანის დანაღმული ზოლი იჭიმება.

დანაღმული ტერიტორია სოფლის საძოვრებს

ესაზღვრება; ის არც შემოღობილია და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშნებია დამონტაჟებული – ადამიანი, რომელიც ამ სოფელში სტუმრად ჩამოვა და გადაწყვეტს მინდორ-ველებისკენ გაისეირნოს, თავისუფლად შეიძლება ნაღმზე აფეთქდეს.

65 წლის მამიშ მუსაევის სახლი სოფლის განაპირასაა. მამიშს დიდი სახლი აქვს, მოვლილი, სუფთა ეზოთი – ბევრი ცხვარი და საქონელი ჰყავს. სახლთან ახლოს, იქვე, შემოღობილ ტერიტორიაზე ქათმები და ინდაურები საკვებს კენკავენ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მამიშის ოჯახს არ უჭირს.

მიწაც ბლომად აქვს, მაგრამ ვერ ამუშავებს – სოფლის ამ ნაწილში წყალი არ არის. წყალს სახლიდან 600 მეტრში მდებარე  წყაროდან ავზებით ეზიდებიან.

“ნაღმები უფრო ახლოს გვაქვს –  500 მეტრიც არ იქნება”, – ღიმილით ამბობს მამიშის ცოლი, რომელიც პლედში გახვეულ შვილთაშვილს ეზოში ასეირნებს.

მუსაევები იმ რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როდესაც მათი თანასოფლელები ნაღმზე აფეთქდნენ და დაიღუპნენ.

“ყველამ ყველაფერი იცის, – მშვიდად  საუბრობს მამიში, – პოლიციამაც იცის, გამგეობაშიც იციან, მაგრამ ეგენი რას იზამენ?! ეს საკითხი ზემოთ უნდა გადაწყდეს”.

ეს ალბათ ის იშვიათი ინფორმაციაა, რომელიც იცის მარნეულის გამგეობამ და არ იცის “გუგლმა”. ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს ტერიტორია, რომელიც უცხო ქვეყანას აქვს დანაღმული, ქართულენოვან მედიარესურსებზე ვერ მივაკვლიეთ.

2013 წელს მედიამ გააშუქა კირაჩ-მუღანლოში 25 წლის სარჰან მუსაევის ნაღმზე აფეთქების შემთხვევა. თუმცა, საიდან მოხვდა ნაღმი სოფელში, რომელიც არც კონფლიქტისპირა ტერიტორიაა და არც მტერ სახელმწიფოს ესაზღვრება, ამაზე არც ერთი უფლებამოსილი პირი ჟურნალისტებთან არ საუბრობს. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო ამ ინციდენტზე ასე წერს:

“ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ამ რაიონში ნაღმი”.

ვინ დადო ნაღმები?

ნაღმები სოფელ კირაჩ-მუღანლოსთან 1991 წელს გაჩნდა. ეს ტერიტორია რომ თავის დროზე აზერბაიჯანმა დანაღმა, ამას ჩვენთან საუბარში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ისა სადიგოვიც არ უარყოფს.

მთიანი ყარაბაღის გამო 1987 წელს დაწყებულმა, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე სისხლიანმა კონფლიქტმა, 1991 წელს ახალი ძალით იფეთქა. აზერბაიჯანმა, რომელიც პოზიციებს კარგავდა, წითელ ხიდთან საზღვრის დანაღმვა გადაწყვიტა, რადგან წითელი ხიდიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში სომხეთის საზღვარი გადის. ამგვარად აზერბაიჯანმა საქართველოს მხრიდან სომხური სამხედრო ძალისა თუ ცალკეული ადამიანების შემოსვლისგან თავი დაიცვა.

ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სამოქალქო ომია, თბილისში ტანკები დგანან, ყველა მეორე სახლში იარაღი ინახება და ნაღმებს საახალწლო შუშხუნებივით აფეთქებენ.

“1991 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არა თუ საზღვრებს, დედაქალაქის ცენტრსაც ვერ აკონტროლებდა, აზერბაიჯანის გადაწვეტილება, ასე დაეცვა საკუთარი საზღვარი, გამართლებულიც კი იყო”, – ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე.

თუმცა, დღეს საქართველო აღარ არის ქაოსში ჩაფლული ქვეყანა, რომელიც საკუთარ საზღვრებზე პასუხს ვერ აგებს.

მაშ, რატომ რჩება აქ სხვა ქვეყნის მიერ ჩადებული ნაღმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას?

დასახიჩრებული ადამიანები

სოფელ კაჩაგანში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, სარჰან მუსაევის სახლს ყველა მიგასწავლით.

ეზოში შევდივართ და ვეძახით. კარიდან თავი ფრთხილად გამოყო კაცმა დანაოჭებული შუბლითა და შავი, დაუვარცხნელი თმით. თვალებს ისე ჭუტავს, თითქოს მზის შუქი დიდი ხანია არ უნახავს.

ზუსტად ხუთი წლის წინ, 2013 წლის 2 აპრილს, სარჰანი მეზობელ სოფელში – კირაჩ-მუღანლოში მეგობართან სტუმრად წავიდა. საღამოს მეგობარს დაკარგული ძროხის მოსაძებნად გაჰყვა და ფეხი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს დააბიჯა. სარჰანი 25 წლის იყო, როდესაც მარცხენა კიდურის გარეშე დარჩა.

“ზოგჯერ ტკივილებიც მაქვს, მაგრამ ძალიან – არა, ვუძლებ. არ ეგონათ რომ გადავრჩებოდი, ბევრი სისხლი დავკარგე”, – ამბობს სარჰანი.

სრულად

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *