ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს

ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს მთვარობის სამშვიდობო ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს.

“ევროკავშირის მონიტორინგის მისია “მიესალმება ნებისმიერ იინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგსა და კომუნიკაციას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის”, – განუცხადეს მისიაში “ნიუსრუმს”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა გუშინ სამშვიდობო ინიციატივით დაიწყო.

“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – ასე ჰქვია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას. სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

პირველი – გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მესამე – ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც გამარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოაქალაქეებისთვის – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მაგალითად, გამყოფი ხაზის გასწვრივ შეიქმნება სპეციალური ეკონომიკური სივრცეები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწევენ.

ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე, რომლის კომენტარს, რადიო თავისუფლება ავრცელებს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას დიდი დრო და ძალისხმევადასჭირდება და გზაზე არაერთი სირთულე შეხვდება. მისი აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია ინიციატივას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდება, მაგრამ ოსურ და აფხაზურ საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გაარღვიონ იზოლაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

ინიციატივას მალევე მოჰყვა უცხოელი პარტნიორების გამოხმაურებაც. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა, თუმცა ყველას დაასწრო, წარსულში, წლების განმავლობაში გაყოფილი ქვეყნის, გერმანიის საელჩომ, რომელმაც მალევე გაავრცელა თავისი შეფასება.

“საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომის დროს წარმოდგენილ ღონისძიებათა პაკეტთან “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა განაცხადა შემდეგი: მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა ღონისძიებათა პაკეტი “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც იგი ახლა პარლამენტს წარუდგენს შემდგომი განხილვის მიზნით. ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს.“

ინიციატივა მოიწონა ევროკავშირმა: “საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა  პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა. ინტერესით ველით  საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს. 

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოიყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში”,-წერია ევროკავშირის განცხადებაში. 

ინიციატივას მიესალმება აშშ.

“ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

“ეს ღონისძიებები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრების გაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში”.

დიდი ბრიტანეთის საელჩო ასევე მთავრობის ახალ ინიციატივას ასევე დადებითად აფასებს.

როგორც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ მას მივესალმებით. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მოხდეს მათი საჭიროებების გათვალისწინება და უკეთესი მომავლის მიღწევა“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაღებია, ტყუილს უწოდებს დე ფაქტო მინისტრი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მისი “ანგარებიანი პოლიტიკური ამბიციებისთვიის მაამებლური სიცრუე.“

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველომ ამოწურა აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსი და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენოს აფხაზეთის მიმართ “რაღაც გულითადობის მსგავსი“ და ამ ინიციატვით შენიღბოს რეალური ზრახვები. დაურ კოვეს განცხადებითვე, აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *