ლევან იზორიამ შს სამინისტროსა და სუს-ში პრემია-დანამატები 143-ჯერ აიღო

ლევან იზორიამ, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას, 3 წელსა და 9 თვეში, ანაზღაურების სახით 511 605 ლარი მიიღო. აქედან, თანამდებობრივი სარგო 122 400 ლარი იყო, სარგოს სრული ოდენობით 143-ჯერ მიღებული პრემია-დანამატები კი 389 205 ლარი.

ლევან იზორიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 2015 წლის 3 აგვისტომდე ეკავა, 2015 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 1 აგვისტომდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრია.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში შს მინისტრის მოადგილისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იდენტური იყო და თვეში 2720 ლარსშეადგენდა.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ლევან იზორიამ, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, 2 წლისა და 9 თვის განმავლობაში მიიღო 372 882 ლარის ოდენობით ანაზღაურება (საშუალოდ, თვეში 11 299 ლარი). აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 89 760 ლარს, ხოლო ამ ხნის განმავლობაში 104-ჯერ მიღებული პრემია და სხვადასხვა სახის დანამატები – 283 122 ლარს.

რაც შეეხება სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდს, ლევან იზორიამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო 138 723 ლარის ოდენობით ანაზღაურება (საშუალოდ, თვეში 11 560 ლარი). მათ შორის, თანამდებობრივი სარგო 32 640 ლარი იყო, ხოლო პრემია-დანამატებისა, რომელიც მან იმავე პერიოდში 39-ჯერ მიიღო, -106 083 ლარი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *