არჩილ ტატუნაშვილის საქმე

რადიო თავისუფლების მასალა

ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა გარდაუვალი შეიქნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შინაგანი ორგანოების გარეშე გადასცა. „ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენოს საკითხი შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით“,- გვითხრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ სამართლებრივი და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემას, რომელიც ცხინვალის იზოლატორსა და საავადმყოფოში უნდა გახსნილიყო არჩილ ტატუნაშვილის სახელზე. „ გასაგებია, რომ პირდაპირი ურთიერთობა ცხინვალის საგამოძიებო ორგანოებთან გამორიცხულია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა საკუთარ გამოძიებას დაეხმაროს“, – გვითხრა თამარ ავალიანმა.

სახელმწიფო უწყებები კი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი, მოზომილი კომენტარებით იფარგლებიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 17 აპრილს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოიყენებენ ყველა საშუალებას, საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის კომპონენტის ჩათვლით.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს, რადგან ექსპერტიზაა ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა, რომლის თანახმად, გარდაცვლილის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად მუშაობა მიმდინარეობს.

საკითხის კომენტირებისას ასევე სიტყვაძუნწი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. 18 აპრილს მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა სიკვდილიდან 26 დღის შემდეგ ექსპერტიზის სრულად ჩატარების პროცესს ართულებს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიება სრულფასოვანი იყოს:

„მე ველოდები, რომ ამ დღეებში იქნება პირველადი შედეგები ცნობილი, რაც, პირველ რიგში, გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო, რათა გამოძიება წარიმართოს. ჩვენ, როგორც ადრე ვთქვით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე გახლავთ სწორედ ეს“.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის კი უცნობია, სახელმწიფო უწყებების მიერ უკვე გადადგმულია თუ არა კონკრეტული ნაბიჯები საერთაშორისო მექანიზმების ჩასართავად იმისთვის, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გარდაცვლილის შინაგანი ორგანოები გადმოსცეს ქართულ მხარეს.

„საქმის მასალებში ეს ასე არ ფიქსირდება. სახელმწიფო ოკუპირებულ ცხინვალში მოთხოვნას ვერ გაგზავნის. ერთადერთი, რაც განგვიცხადა საგამოძიებო ორგანომ, არის ის, რომ სახელმწიფო მუშაობს საერთაშორისო ფორმატებით“, – ამბობს თამარ ავალიანი.

მისი განმარტებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქმე ერთი ტომისგან შედგება, ჩატარებულია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და დაცვის მხარე, არჩილ ტატუნაშვილის მამასთან, გიორგი ტატუნაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად გაეცნო 16 აპრილს მცხეთის სამხარეო პროკურატურაში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თამარ ავალიანი დეტალებზე არ ლაპარაკობს. მას ჩვენთვის არც ის უთქვამს, ჰყავს თუ არა გამოძიებას იდენტიფიცირებული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები. მისი განმარტებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარიც, როდის და რა ფორმულირებით მიმართავს დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე საქმის გამოძიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ექსპერტიზის პროცესის მიმდინარეობას არასრული მასალებით, თამარ ავალიანი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა არის საკითხი, რომელიც უდავოდ იმსახურებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას:

“ეს, რა თქმა უნდა, არის ახალი გამოძიების დაწყების საფუძველი და ეს ჩვენ პროკურატურაშიც დავაფიქსირეთ.უნდა დაიწყოს გამოძიება, რატომ მოხდა აღნიშნული. საოლქო პროკურორთან შეხვედრაზე ჩვენ უკმაყოფილება გამოვთქვით იმაზეც, რომ ოჯახმა აქამდე არ იცოდა ის, რომ გარდაცვლილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. რაღაც კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც ჩანს, მაგრამ სამწუხაროა, რომ გიორგი ტატუნაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების ამოცლის შესახებ მედიის საშუალებით გაიგო. არც სამხარაულის ბიუროს და არც გამოძიებას ჩვენთვის ამის შესახებ არ უცნობებია“.

მცხეთის პროკურატურაში 16 აპრილს გიორგი ტატუნაშვილმა და თამარ ავალიანმა თითქმის 9 საათი გაატარეს. სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის გარდა, დროის დიდი ნაწილი გიორგი ტატუნაშვილის გამოკითხვას დასჭირდა. არჩილ ტატუნაშვილის მამამ გამოძიებას გადასცა ფოტოსურათებიც, რომლებიც, ადვოკატის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილის წამების კვალს ასახავს. თამარ ავალიანი ამბობს, რომ მრავლობითი დაზიანებები მიუთითებს და მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მკვლელობამდე არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, თუმცა ნათელია ისიც, რომ გამოძიება ობიექტური სირთულეების წინაშე დგას.

„ფაქტია, რომ ექსპერტიზას სჭირდება ინფორმაცია შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ, დანარჩენს კი დასკვნიდან გავიგებთ“, – აღნიშნავს თამარ ავალიანი, რომელმაც გიორგი ტატუნაშვილთან ერთად პროკურატურიდან მიიღო იმის პირობა, რომ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ექნებათ გამოძიების მასალების გაცნობის საშუალება.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა ახალგორში დააკავა ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მომხდარიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადასცა. ლევან სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზა იმავე ღამეს ჩატარდა, თუმცა საჯაროდ სამ კვირაზე მეტი ხნის მერე გახდა ცნობილი, რომ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ამ ვითარებაში სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარებისა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დადგენა გართულებულია. დე ფაქტო ცხინვალის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც რუსეთის ექსპერტიზის ბიუროს მიერაა გაცემული, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გულის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია, რისი მიზეზიც მწვავე იშემია გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *