ფაქტი, რომელმაც დღეს მსოფლიო ისტორია შეცვალა

სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადებენ ომს, რომელმაც 1953 წელს ორად გაჰყო კორეის ნახევარკუნძული. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩე-ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას 27 აპრილს მიაღწიეს დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სოფელ პანმუნჯომში გამართულ მოლაპარაკებაზე.

რადიო თავისუფლების ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს “პანმუნჯომის დეკლარაციას მშვიდობის, აყვავებისა და კორეის ნახევარკუნძულის ერთიანობისთვის.“ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეული და ფხენიანი იმუშავებენ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათი მიზანია, ერთმანეთის მიმართ მტრული მოქმედებების შეწყვეტა, მყარი და მუდმივი მშვიდობის დამყარება და მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-თან. სამხრეთ კორეის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 27 აპრილს, დილით დაიწყო. მუნ ჩე-ინი კიმ ჩენ ინს დახვდა სადემარკაციო ხაზთან, სადაც ერთმანეთს ხელი საზღვრის ორივე მხრიდან ჩამოართვეს, შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად გაემართა მოლაპარაკების ადგილისკენ, სოფელ პანმუნჯომისკენ.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც ბოლო 65 წლის განმავლობაში ფეხი დადგა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. ორი ქვეყნის ლიდერების დღევანდელი მოლაპარაკება მესამეა ბოლო 18 წლის განმავლობაში, თუმცა, წინა ორი შეხვედრა 2000 და 2007 წელს, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *