მოძრაობა “თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებით კიდევ ორი ახალგაზრდა დაიღუპა

მოძრაობა “თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, – ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ “თეთრი ხმაური“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა საკუთარ სახლში„ მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში“.

მოძრაობის წევრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შემოსულია უცნობი ნივთიერებებით დაბინძურებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც ლეტალურად მთავრდება. „თეთრი ხმაური“ თითოეულ გარდაცვლილზე სრულ სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

“მანამდე კი მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ “მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებ არის დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იყოს ბიო-ჰეროინი/ფენტალინი)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსთავი 2 იუწყება, რომ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ანალოგიური მიზეზით. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი თაობის ნარკოტიკით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 10-ს აღწევს. 15 ადამიანი კი გადაყვანილია კლინიკებში. ყველა პაციენტი, ვინც ექიმებმა გადაარჩინეს, საავადმყოფოში კომატოზური მდგომარეობაში მოხვდა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, ის ასეთია:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

“ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

“ინტოქსიკაცია არ მომხდარა, სასწრაფო არ გამოგვიძახებია მსგავს რაღაცაზე,“ – ასე უპასუხა კლუბ”მეტრონომის” დამფუძნებელმა, გოგა ტვილდიანმა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამმა პირმა კლუბში დაუდგენელი ნივთიერება მიიღეს, სახლში მისვლის შემდეგ კი გარდაიცვალნენ.

კლუბის დამფუძნებელი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ახალგაზრდების მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კლუბში მათ ნარკოტიკული საშუალების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

გოგა ტვილდიანის თქმით, გუშინ სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმის გამო გამოიძახეს, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა თითი მოიტეხა.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *