მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დეფაქტო პოლიციას ჩაბარდა

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში”, მიმდინარე წლის 16 იანვარს სოფელ არცევში მოკლული მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი პოლიციას ჩაბარდა.

დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 3 მაისით დათარიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი არცევის პოლიციაში 28 აპრილს მივიდა, დუდაევის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცავებს დანაშაულის ჩადენის იარაღი-მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჩააბარა. ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წლის მარტში, გორში დააკავეს მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით. 2005 წელს, სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მარეკ დუდაევი პატიმრობიდან 2013 წლის ივნისში გათავისუფლდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მარეკ დუდაევი ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა. 2016 წლის ივნისში, ოსმა სამართალდამცავებმა დუდაევი დააკავეს ოკუპირებული ახალგორის რაიონში. მაშინ მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ დუდაევის დაკავებას წინ უძღვოდა მისი კონფლიქტი ადგილობრივ კონტრაბანდისტთან, ტარიელ ბაშარულთან.
მარეკ დუდაევის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 იანვარს გაავრცელა.

რადიო თავისუფლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *