საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვთან გააძლიერეს ე.წ. საზღვრის დაცვა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვთან გააძლიერეს ე.წ. საზღვრის დაცვა. “სამხრეთ ოსეთის” დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ სოფელ აძვის ეკლესიაში რელიგიური ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ და აღკვეთენ საზღვრის დარღვევის მცდელობას – ამ ინფორმაციას ვკითხულობთ დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე. 6 მაისს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში აღნიშნავენ გიორგობას, სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და იქ ხშირია ადგილობრივი მოქალაქეების დაკავების ფაქტები. წინა წლებში ამ დღესასწაულზე სოფლის ეკლესიაში წირვას ატარებდა ხოლმე გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), თუმცა წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღეს იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალები აღკვეთენ ეკლესიაში მისვლის მცდელობას. გორის მიტროპოლიტი წირვას ჩაატარებს მეზობელ სოფელ მეჯვრისხევში, შემდეგ ის აძვში ჩავა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. პარალელურად, დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ 5 მაისიდან ის საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავისთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო; 7 მაისიდან 10 მაისამდე კი ჩაიკეტება გამშვები პუნქტები და შეიზღუდება მოქალაქეების გადაადგილება.

წყარო – რადიო თავისუფლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *