სკოლებში კვება იყოს უფასო! – ირმა ინაშვილის ინიციატივა მთავრობას

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს მიმართავს ინიციატივით, საჯარო სკოლებში მოსწავლეები უფასო იკვებონ.

როგორც ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სკოლის ბუფეტში დავალიანების გამო, მოსწავლეები გაკვეთილებს აცდენენ და სანამ მშობელი ვალს არ გადაიხდის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლის რცხვენიათ.

მისივე თქმით, ყველა სკოლის სასადილოში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის განმავლობაში, კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ეს პრაქტიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

“ამ დღეებში არა ერთი რაიონის მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს ვესაუბრე. როგორც ირკვევა, სკოლის სასადილოებში ეს პრაქტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. ზოგიერთმა მშობელმა ამიხსნა, რომ თვის ბოლოს მიდის სასადილოში და იხდის მთელი თვის საკვების საფასურს. ზოგიერთმა მითხრა, რომ გადახდა უჭირს და ამის გამო, ბავშვები სკოლაში იმ დრომდე არ მიდიან, ვიდრე მშობელს ნისიად აღებული საკვების ფული სკოლაში არ მიაქვს. ყველას აქვს ღირსება და თავმოყვარეობა!

მივმართავ განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს: სასწრაფოდაა მისაღები გადაწყვეტილება, რომ საჯარო სკოლებში (პირველ ეტაპზე- პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მეორე ეტაპზე- პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) ბავშვთა კვება იყოს უფასო”, – წერს ირმა ინაშვილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *